მინდა, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, პირველ მაისს, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა პირველ მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან დაიწყეს შეკრება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. შეკრების პარალელურად, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები. – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მოგვიანებით, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება, როგორც პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ასევე, რუსთაველის გამზირზე. ვინაიდან არსებობდა რისკი პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციის კორდონი განგვეთავსებინა ჩიტაძის ქუჩაზე, ამავე დროს, პარლამენტის უკან შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციამ მოუწოდა, რომ მათ გადაენაცვლათ ჭიჭინაძის ქუჩაზე და იქ გამოეხატათ პროტესტი.

პარლამენტში, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩიტაძის ქუჩიდან უზრუნველყო პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა.

მას შემდეგ, რაც სრულად მოხდა პარლამენტის შენობის დატოვება და აღარ არსებობდა დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმების რისკი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილებისა, რომ აქციის მონაწილეებს მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ძალადობით ცდილობდა ჩიტაძის მხრიდან არსებული პარლამენტის შესასვლელის რკინის კარის დაზიანებას.

მიუხედავად პოლიციის და ასევე, თავად აქციის სხვა მონაწილეების არაერთი მოწოდებისა, ძალადობრივი ჯგუფები აგრძელებდნენ საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებას და ცდილობდნენ უნებართვოდ შეღწევას პარლამენტის ტერიტორიაზე.

პოლიციამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენა სპეციალური საშუალება – წყლის ჭავლი, თუმცა აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩიტაძის ქუჩაზე არსებული სამშენებლო დამცავი ბარიერების დემონტაჟი და მისი მეშვეობით ცდილობდნენ პარლამენტის შესასვლელი კარის დაზიანებას.

ვინაიდან აშკარად იყო გამოკვეთილი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი“,- განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე აქციებზე, ბოლო ორი დღის განმავლობაში დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდი თანამშრომელი.

„საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხების პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალს, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების გამოყენებით, ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობის ეზოში მყოფ პოლიციელებზე.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

ბოლო 2 დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდი თანამშრომელი, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ესვრიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერას. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებისგან. ასევე, შეწყვიტონ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის დაზიანება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ – წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებია რეზინის ტყვიები.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე, არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, კერძოდ, ე.წ. რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა, შესაბამისად სრულიად გაუგებარია, ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ცდილობენ სამართალდამცველებისგან თავის დაცვას, მაშინ როცა ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრას.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ ორივე სანაპირო და ახდენენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

პოლიციელებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა არ წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსებული აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.   დღევანდელ აქციაზე,  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს

საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე

ასევე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს

შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი

საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. 

ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. 

 სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება 30 აპრილის აქციაზე არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე

ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას    

რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

ცნობისთვის,   საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.