აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრანპმა განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი მას ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა. ამ შინაარსის განცხადებამ ოფიციალური რომის მწვავე უკმაყოფილება და ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება გამოიწვია.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ პარასკევს სოციალურ ქსელ X-ზე გამოაცხადა, რომ აუქმებს 21-22 ივნისს აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტს. გადაწყვეტილების მიზეზი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჯორჯია მელონის მისამართით გაჟღერებული „სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებებია“.
იტალიურ ტელეკომპანია La7-თან სატელეფონო ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა მას საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის ფარგლებში, ფოტოს გადაღება თხოვა, უფრო მეტიც, ეხვეწებოდა.
ინფორმაციას ტელეარხი ინტერვიუს ტექსტურ ჩანაწერზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა თავად ორიგინალი აუდიოჩანაწერი არ გამოუქვეყნებია.
ამ პუბლიკაციის საპასუხოდ, ჯორჯია მელონიმ პარასკევს X-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „შოკირებულია“ ტრამპის „სრულიად გამოგონილი“ განცხადებებით.
„არ მესმის, რატომ იქცევა აშშ-ის პრეზიდენტი ასე საკუთარი მოკავშირეების მიმართ — თანაც, ეს პირველი შემთხვევა არ არის“, — განაცხადა მან.
„მხოლოდ მწუხარება შემიძლია გამოვთქვა იმის გამო, რომ ის ასეთივე სიმტკიცეს არ იჩენს დასავლეთისა და თავად ამერიკის შეერთებული შტატების მტრების მიმართ, იმ ლიდერების მიმართ, რომელთა მიმართაც, პირიქით, ბევრად უფრო ლმობიერია“.
აპრილში დონალდ ტრამპმა ჯორჯია მელონი უკვე გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან უარი თქვა საკუთარი ქვეყნის ჩართვაზე ირანის ომში. მაშინ ტრამპმა თქვა, რომ „გაოგნებული“ იყო და იმედგაცრუებული დარჩა მელონის „სიმამაცის“ ნაკლებობით.
პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ულტრაკონსერვატიული კოალიციური მთავრობის სათავეში აირჩიეს, აქამდე ძველ კონტინენტზე დონალდ ტრამპის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ ითვლებოდა და ხშირად ცდილობდა მედიატორის როლი შეესრულებინა აშშ-სა და ევროპის განსხვავებულ პოზიციებს შორის.
მთავრობის მეთაურს მხარდაჭერა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომაც გამოუცხადა. „ვერ წარმომიდგენია, ჯორჯია მელონიმ ვინმეს ფოტოს გადაღება სთხოვოს, თუნდაც იძულებით. სამაგიეროდ, კარგად წარმომიდგენია, რამხელა ძალისხმევა დასჭირდა მას, რომ გვერდი აევლო ტრამპის მიერ რამდენიმე კვირის წინ ნათქვამი სიტყვებისთვის, რათა ემსახურა იტალიის, ევროპისა და დასავლეთის ინტერესებისთვის“, — დაწერა მან X-ზე.












