"კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელს ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნეს. უახლოეს საათებში კი, სასამართლო ვლადიმერ სტეფანიანის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.
ადვოკატის თქმით, თავად დაკავებულს ბრალთან მიმართებაში პოზიცია ჯერჯერობით არ განუმარტავს.
"გაეცნო ბრალის დადგენილებას. 192-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში წარედგინა ბრალდება. ეს არის უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ბატონი ვლადიმერი პოზიციას ბრალთან მიმართებაში არ განმარტავს, მტკიცებულებების გაცნობის შემდგომ ჩამოყალიბდება პოზიციაზე," - აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, სტეფანიანს, რომელიც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა დააკავა გამოძიება ნებართვის გარეშე 5 სასტუმროს, კერძო საბაგიროს, სათხილამურო ტრასის და ტობოგანის მოწყობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. ამ ეტაპისთვის კი, დადგენილია მილიონ 895 ათასამდე ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.




