სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ლევან მუშკუდიანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქში ანტონ ობოლაშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულთან სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების დამალისა და ტოლოშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
სოფელ დამალისა და სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლა 840 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი სრული რეაბილიტაციის და აღჭურვის პროექტის ჯამური ღირებულება 6 760 000 ლარზე მეტია.
ხოლო სოფელ ტოლოშის 260 მოსწავლეზეა გათვლილი მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის და აღჭურვის პროექტის ჯამური ღირებულება 2 543 700 ლარამდეა
პროექტის ფარგლებში ორივე სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, ეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები; ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; საკონფერენციო და სააქტო დარბაზები; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
სკოლები სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტები, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. უზრუნველყოფილი იქნება კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების და გათბობის სისტემებით. აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.