სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის მშენებლობის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციისა და აღჭურვის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება. 


განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ორივე სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. აღჭურვილი იქნება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით. 


სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უზრუნველყოფილი იქნება კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემებით. 


 სოფელ ოზაანის, 120 მოსწავლეზე გათვლილი, საჯარო სკოლის მშენებლობისა და აღჭურვის ჯამური ღირებულება დაახლოებით 3 000 000 ლარია.  სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა 464 მოსწავლეზეა გათვლილი,  სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 7 000 000 ლარამდეა.