ხაშურის მუნიციპალიტეტში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა პროექტ „მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის“ ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა იამზე მირაზანაშვილმა.
მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა მაჭარაშვილმა მონაწილეებს გააცნო ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობები.
შეხვედრაზე იმსჯელეს ინკლუზიური სოფლის განვითარებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის, აგრო-სასურსათო სისტემებში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სოფლად ქალთა გაძლიერების შესაძლებლობებისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდა ხაშურის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს კოორდინატორმა გიორგი მაჭარაშვილმა. საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა კი მეწარმეებს გააცნეს ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მეწარმეობის წარმატებული ისტორიები.