ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ხაშურში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, დირექტორის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.
მასშტაბური პროექტი რამდენიმე ლოტისგან შედგება. პირველი ლოტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აშენდება წყალარინების და მთლიანი ქალაქის წყალმომარაგების ქსელი. 2025 წლის ბოლოდან დაგეგმილია ქ. ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებულია 200კმ წყალმომარაგებისა და 45 კმ წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით დასრულებულია წყალმომარაგების 140კმ ქსელის მოწყობა, სახლის მიერთება 5 200 ცალი. წყალარინების 14კმ ქსელი, სახლის მიერთება 482 ცალი, დამონტაჟებული ჭა 400
ცალი. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad.Tic. A.S. ახორციელებს. სამუშაოები საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, ღირებულება 145 მილიონ ლარზე მეტია.
პარალელურად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების მშენებლობის სამუშაოები.
ასევე, დაგეგმილია წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, სატენდერო პროცედურები ფინანსური წინადადებების შეფასების ეტაპზეა. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტის ფარგლებში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა მზის
პანელები, რაც შეამცირებს შემდგომში ელექტროენერგიის ხარჯს.