,,წყალი სიცოცხლეა’’ - ამ სახელწოდებით ბათუმში წყლის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

"ბათუმის წყალის"  ორგანიზებით, ბათუმის ცენტრალურ პარკში სკოლის მოსწავლეების ჩართულობით ღონისძიება მოეწყო, სადაც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები წყლის ლაბორატორიულ კვლევით მეთოდებს გაეცნენ.

ბათუმის წყლის ინფორმაციით, წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტების პრეზენტაციები თემებზე: წყალი, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: წყლის რესურსების დაზოგვა და მოფრთხილება გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, “ბათუმის წყალი” ყოველწლიურად სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით უერთდება წყლის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანიც წყლის რესურსების გაფრთხილება, გარემოზე ზრუნვა და ამ მიმართულებით სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა.


„წყლის საერთაშორისო დღე საზოგადოებაში წყლის რესურსების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მის მდგრადად გამოყენებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფორმირება წყლის გაფრთხილებასა და დაზოგვის მნიშვნელობაზე.

მოხარული ვარ, რომ დღეს წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა ბევრი ახალგაზრდა, რითაც გაიზრდება მათი მსოფლმხედველობა წყლის, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის მიმართ“, - განაცხადა ,,ბათუმის წყალის’’ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე მჟავანაძემ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებასა და მის დაცვას.

გარემოს ეროვნული სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ბოლო პერიოდში, მონიტორინგის ქსელი სულ უფრო მეტად ფართოვდება.