"ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს საპენსიო სესხები, სკოლებში იყოს ბავშვთა უფასო კვება, შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის ერთ მილიარდიანი ფონდი, რომელიც დააბრუნებს ქართველ დედებს და ბებიებს ქვეყანაში, შეიქმნება ღირსეული სამუშაო ადგილები და მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას და უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში.“ -  განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ

"არჩევანი არის მარტივი - კეთილდღეობა ევროპაში ან სიღატაკე იზოლაციაში. ვირჩევთ ევროპულ პენსიებს თუ მოცემულობას, სადაც პენსიონერთა აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს საპენსიო სესხები, რომლის საპროცენტო განაკვეთიც აღემატება ოთხჯერ საბაზრო განაკვეთს. დიახ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ჩვენი მოსახლეობის აქვს ოთხჯერ უფრო დიდი საბანკო წნეხი, ვიდრე სხვა საქართველოს მოქალაქეს. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ჩვენ უნდა შევცვალოთ და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ გავანულებთ საპენსიო სესხებს, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა პენსიონერს ჰქონდეს ღირსეული პენსია, რომელიც უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1000 ლარს.

ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში თუ ვირჩევთ სიღატაკეს იზოლაციაში, ვირჩევთ ევროპულ ხელფასებს, ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს, თუ ვირჩევთ მოცემულობას, სადაც თითქმის ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე პრაქტიკულად უმუშევარია, რადგან დაუშვებელია ჩავთვალოთ ანაზღაურებად 300 ლარიანი ხელფასი. დიახ, ადამიანები იბრძვიან გადარჩენისთვის მაშინ, როდესაც ივანიშვილი და მისი ჩინოვნიკები დღითი დღე უფრო მდიდრდებიან. ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა იქნება ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა. ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას თუ სიღატაკეს იზოლაციაში, ვირჩევთ ევროპულ განათლებას და ჯანდაცვას თუ იმ მდგომარეობას, როდესაც 10-დან 7 ბავშვს ქართულ საჯარო სკოლებში შიათ, მაშინ როდესაც ჩინოვნიკები მდიდრდებიან, საჯარო სკოლებში ბავშვებს შიათ, ამიტომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავნერგავთ ბავშვთა უფასო კვებას, ეს საპილოტე პროგრამა წარმატებით ხორციელდება წალენჯიხაში, სადაც მე და გიორგი ჩვენს გუნდთან ერთად ვიმყოფებოდით. ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას თუ ვირჩევთ სიღატაკეს იზოლაციაში. დღესდღეობით ათასობით ქართველ დედას და ბებიას ყოველდღიურად უწევთ უმძიმესი არჩევანის გაკეთება და წასვლა იძულებით ემიგრაციაში იმისთვის, რომ აქ დარჩენილი ოჯახები არჩინოს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ქართველი დედები და ბებიები, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ქართული ოჯახები და სწორედ ამისთვის შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის ერთ მილიარდიანი ემიგრანტების ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იძულებით ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებას იმისთვის, რომ ყველა დედას და ბებიას ჰქონდეს ახალი სტარტის და უკეთესი პერსპექტივის შანსი.

ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში თუ ვირჩევთ სიღატაკეს იზოლაციაში, არჩევანი მარტივია, რადგან ივანიშვილის პირობებში ჩვენს ქვეყანას ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია, რომელიც მხოლოდ სიღატაკეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ხელისუფლების ცვლილებისთანავე ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და უმოკლეს დროში ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული სრულფასოვანი წევრი. მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები სწორედ ევროპულ კეთილდღეობას აირჩევენ.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.