"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის სტატუსს "ფეისბუკზე" გამოეხმაურა.
"გამოხმაურების გარეშე მაინც ვერ დავტოვებ თეა წულუკიანის სტატუსს.
ქვეყანაში, სადაც ფემიციდის შემაშფოთებელი ნიშნულია, ქალებზე სისტემატურად ძალადობენ და დევნიან, ქალები იბრძვიან ოჯახების გადარჩენისთვის სიღატაკის წინააღმდეგ, პრაქტიკულად ყოველი მეორე ოჯახიდან ქალებს იძულებით ემიგრაციაში უწევთ წასვლა, რათა ოჯახები არჩინონ, მმართველი პოლიტიკური ძალის ქალი მინისტრი ისევ ქალებს ირჩევს სიძულვილის ენის მთავარ სამიზნედ.
თეა წულუკიანის სიძულვილის ენა “ქართული ოცნების” მორალურ სახეს კიდევ ერთხელ ცხადად წარმოაჩენს.
სამწუხაროდ, კულტურის მინისტრის უკულტურობა ვერაფრით შეამსუბუქებს ჩვენი ხალხის გაჭირვებას, ვერ დაეხმარება უიმედო და უპერსპექტივო ქართველ სტუდენტებს, ვერ აღადგენს გელათს და ქართული ოცნების ხელში განადგურებულ სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ვერც სპორტულ ფედერაციებში გამეფებულ ნეპოტიზმსა და კლანურობას გადაფარავს, ვერც ხელოვნების სფეროში მოღვაწე ნიჭიერი, მაგრამ დაუფასებელი ადამიანების მოტივაციას აამაღლებს და ვერც სხვა კიდევ მრავალ პრობლემას აღმოფხვრის, რომლის წინაშეც “ქართული ოცნების” მმართველობის და კონკრეტულად თეა წულუკიანის ქმედებების გამო აღმოვჩნდით.
ამ სტატუსით მე, ანა წითლიძეს, ანა დოლიძეს, თამუნა კორძაიას, ანა ნაცვლიშვილს, თაკო ჩარკვიანს და სხვა პოლიტიკოს ქალებს კი არ გვაყენებს შეურაცხყოფას, არამედ ყველა ქალს ამ ქვეყანაში, რომელიც ათასი ბარიერის, შუშის ჭერის, დამცირებისა და ბულინგის მიუხედავად, არ დამორჩილდა მასზე მორგებულ სოციალურ როლებს და გაბედა ეკეთებინა ის, რისიც სჯერა. ეს ქვეყანა ზუსტადაც ისეთ ქალებზე დგას, ვინც არ უშინდება წინააღმდეგობას და არ ეგუება სტერეოტიპებს, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის.
ამ დროს ყველაზე უკულტურო კულტურის მინისტრისთვის მისაბაძი ბიძინა ივანიშვილი ლაჩრულად ემალება თავისივე ამომრჩეველს აკვარიუმს მიღმა და საკუთარი გუნდის წევრებსაც უკრძალავს მიახლოებას, რადგან მათაც აღარ ენდობა. ივანიშვილის პარანოიით სასოწარკვეთილ წულუკიანს აღარაფერი დარჩენია როგორც ჩანს სიძულვილის ფრქვევის გარდა.
26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ წულუკიანისეულ სიძულვილის ენას გაემიჯნება, უარს იტყვის ზიზღის პოლიტიკაზე, რომელიც მხოლოდ გვასუსტებს, გვაღარიბებს, გვაბეჩავებს და გვაშორებს ჩვენს ისტორიულ გზასა და მომავალს - ევროპასა და ევროკავშირს.
26 ოქტომბერს არჩევანი მარტივია, ჩვენ ან ზიზღითა და სიღატაკით სავსე იზოლაციაში დავრჩებით ან ევროპულ კეთილდღეობასა და ჰუმანურობას დავიბრუნებთ. ერთიანობით ვიმარჯვებთ!", - წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" - თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.