საკონსტიტუციო სასამართლო კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს, 26 ოქტომბერს კანონს თავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე სარჩელების განხილვას.
"საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთეს არჩევანი რუსული კანონის წინააღმდეგ, როდესაც უპრეცედენტო, ფართომასშტაბიანი პროტესტით უთხრეს არა რუსულ კანონს და კი – ევროპას. ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეზეა, რომლებსაც აქვთ მკაფიო არჩევანი – დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით, ან ივანიშვილის ინტერესების სადარაჯოზე, ან საკუთარი გადაწყვეტილებით გადაარჩინონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ან, ივანიშვილის სურვილისამებრ, დაასამარონ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, ახლა საკონსტიტუციო სასამართლო კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს, 26 ოქტომბერს ამ კანონს თავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი. დარწმუნებული ვარ, ერთიანობით ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და არა – სიღატაკეს იზოლაციაში, თუმცა ეს ისტორიული არჩევანი თავისი გადაწყვეტილებით ასევე შეუძლია გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.