„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გაფართოებაზე და კოალიციური პარტნიორის დამატება ჩვენს ერთიანობაში. მეორე საკითხი კი ეხება ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი და ადამიანია, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიაში.
„ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური საბჭოს განხილვა და დამტკიცება. ჩვენ ორივე საკითხი დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავამტკიცეთ, ხოლო უახლოეს დღეებში იქნება ღონისძიება, რომელზეც ყრილობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე საკითხზე“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.