26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთანავე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველო გახდეს ევროკავშირის ამაყი წევრი და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამაყად ეჭიროს ხელში ევროპული პასპორტი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული პასპორტი ნიშნავს ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებს და ევროპულ განათლებას.

„გასულ კვირას საზოგადოებას წარვუდგინეთ ხუთი საპროგრამო პრიორიტეტი. ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის – კი ევროპას. ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერი, განვითარებული, ერთიანი საქართველოსთვის, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი. ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ ჩამოგვაშორა ევროპულ გზას და საქართველოს გზა ჩაუკეტა ევროკავშირისკენ. ახლა გვაქვს შანსი, დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა. გპირდებით, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველო გახდეს ევროკავშირის ამაყი წევრი და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი ეჭიროს ხელში.

ევროპული პასპორტი ნიშნავს ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ განათლებას. ევროპული პასპორტი ნიშნავს დაცულობას და კეთილდღეობას. ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა დავუსვათ საკუთარ თავებს შეკითხვა – როგორ საქართველოში გვინდა რომ ვიცხოვროთ? საქართველოში, სადაც ივანიშვილის კლანები მდიდრდებიან, თუ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს ევროპული კეთილდღეობა. საქართველოში, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია, თუ საქართველოში, რომელიც არის დიდი ევროპული ოჯახის ამაყი წევრი? დღესდღეობით 500 000 საქართველოს მოქალაქე ფაქტობრივად უმუშევარია, დღესდღეობით 1 000 ლარამდე ხელფასით ადამიანებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. სტუდენტები, როდესაც ასრულებენ სწავლას, ყოველი მეორე ვერ შოულობს სამსახურს, პენსიონერთა უმრავლესობას აქვს კაბალური საპენსიო სესხები, მაგრამ 26 ოქტომბერი არის შანსი,  დავასრულოთ ეს უსამართლობა, უარი ვუთხრათ კორუფციას, საერთაშორისო იზოლაციას, სიღატაკეს.

26 ოქტომბერი არის შანსი, ერთიანობით ავირჩიოთ ევროპული პერსპექტივა, ევროპაში გაწევრიანება, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელში ამაყად ეჭიროს ევროკავშირის პასპორტი. მჯერა, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით სწორედ ევროპულ არჩევანს გააკეთებს ევროპული კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელში ამაყად ეჭიროს ევროპული პასპორტი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.