ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ემიგრანტებს საქართველოში და ამისთვის შევქმნით პრეზიდენტი სააკაშვილის მილიარდიან ფონდს ემიგრანტების დასაბრუნებლად, -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„რა გვინდა? გვინდა კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში, გვინდა ევროპული, ამერიკული ინვესტიციები ევროპული ხელფასები და მდგომარეობა, როდესაც თითქმის 500 ათასი საქართველოს მოქალაქე პრაქტიკულად უმუშევარია, რადგან შეუძლებელია ვთქვათ, რომ ადამიანი არის დასაქმებული, როდესაც შემოსავალი 300 ლარსაც კი არ აღემატება. დიახ, ეს არის ის მძიმე მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოქალაქე უმრავლესობა ებრძვის, როდესაც ოჯახებისთვის ყოველდღიურობა არის ბრძოლა გადარჩენისთვის.

ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ემიგრანტებს საქართველოში და ამისთვის შევქმნით პრეზიდენტი სააკაშვილის მილიარდიან ფონდს ემიგრანტების დასაბრუნებლად. ერთ დროს მეც ემიგრაციაში ვცხოვრობდი და ვარდების რევოლუციის დიდმა რეფორმებმა, დიდმა აღმშენებლობამ, დიდმა ეკონომიკურმა წინსვლამ დამაბრუნა მე სამშობლოში. დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ ასევე შევქმნით იმ დიდ ეკონომიკურ აღმავლობას, რომლითაც ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე კვლავ საქართველოში დაბრუნდება და გაერთიანდება ოჯახები. დიახ, ჩვენ ოჯახები აუცილებლად უნდა გავაერთიანოთ მომავლის საქართველოში, რომელსაც ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვიტანთ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.