2026 წლის 19-21 ივნისს, ქალაქ გურჯაანში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.
ფესტივალი საზეიმოდ 2026 წლის 19 ივნისს გაიხსნება.
ფესტივალის სამხატვრო და მუსიკალური ხელმძღვანელი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილია.
ღონისძიებები დაგეგმილია სამი დღის განმავლობაში და მოიცავს მრავალფეროვან პროგრამას:
19 ივნისი: ფესტივალის გახსნის საღამო მთლიანად ქართულ ფოლკლორს დაეთმობა, სადაც მაყურებლის წინაშე ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები წარსდგებიან. საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლი „გურჯაანი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცერული“, ბავშვთა ფოლკლორული გუნდი „გურჯაანი“, ლ. მუღალაშვილის სახელობის სალოტბარო სკოლა, გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების გუნდი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ჰანგები“
20 ივნისი: საღამო დაეთმობა მუსიკალურ სპექტაკლს „ბედის ვარსკვლავი“. პიესა მოგვითხრობს სიყვარულსა და ორგულობაზე, მეგობრობასა და ორპირობაზე, ერთგულებასა და ღალატზე. იგი გადმოსცემს სათქმელს, რომ ყველა ადამიანი შეიძლება შეცდეს, მაგრამ წრფელი სიყვარულისა და თავდადების მაგალითით შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია. მთავარ როლში: თამარ გვერდწითელი. პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი და შემსრულებელია მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი.
21 ივნისი: დასკვნითი გალა-კონცერტზე ნიკა ნიკვაშვილი ევროპის საგასტროლო ტურების რეპერტუარს წარუდგენს ქართველ მსმენელს. ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, სიმფონიურ ორკესტრსა და შერეულ გუნდთან (გუნდი მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით) ერთად, სცენაზე წარსდგებიან მომღერლები: მანანა თოდაძე და კოტე ყიფიანი. ფესტივალის საერთაშორისო სტატუსს ხაზს უსვამს სპეციალური სტუმრის, საერთაშორისო აღიარების მქონე ესპანელი ლირიული სოპრანოს ევა მარკოს მონაწილეობა.
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გურჯაანში საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით იმართება.











