"26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ეროვნულ ღირსებას. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ზუგდიდში განაცხადა.
„მაქვს დიდი პატივი, მივმართო ხალხს, რომელმაც ყველაზე კარგად იცის საკუთარი ტრადიციების, მიწის, კულტურის და რაც მთავარია ყველაზე ძვირფასი – თავისუფლების ფასი. მეგრული ენა, სიმღერა, ტრადიციები, საქართველოს მრავალფეროვნების და უნიკალურობის სიმბოლოა და ქმნის ჩვენ საერთო ეროვნულ იდენტობას, რომელიც უნიკალურად ქართულია და ამავდროულად ჭეშმარიტად ევროპულია. სამეგრელო ყოველთვის გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა საქართველოს ისტორიაში. სწორედ სამეგრელოდან, მარტვილის მონასტერში გიორგი ჭყონდიდელის აღზრდილმა დავით აღმაშენებელმა შექმნა ქართული ძლიერების ჯერ არნახული ისტორია.
დიახ, სწორედ სამეგრელოდან, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წალენჯიხიდან დაიწყო ვარდების რევოლუცია, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ისტორიაში მოუტანა ყველაზე დიდი წინსვლა და ყველაზე დიდი აღმშენებლობა 2003 წლის შემდეგ. ზუსტად ეს აშინებს ივანიშვილს, ზუსტად ის აშინებს, რომ იცის თუ როგორი გაუტეხელი, მამაცი, ერთგული, თავისუფლების მოყვარეა მეგრელი ხალხი, როგორი თავისუფლების მოყვარეა სამეგრელო. ივანიშვილის ამ შიშის გამოვლინება იყო ზუსტად ცოტა ხნის წინ ზუგდიდში თავდასხმა ჩვენს მხარდამჭერებზე – ანი წითლიძეზე, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებზე. დიახ, ეს იყო ივანიშვილის „ქართული ოცნების“ შიშის გამოვლინება მაშინ ,როდესაც ჩვენი მხარდამჭერები ევროკავშირის პასპორტს არიგებდნენ ზუგდიდში, საქართველოს ევროკავშირის პასპორტს, ჩვენს პროგრამას თუ როგორი იქნება საქართველო მას შემდეგ, რაც მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული წევრი." - განაცხადა ბოკუჩავამ.