„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრს, ანი წითლიძეს და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს თავს დაესხნენ.

მისი თქმით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ თანამშრომელი თეონა ქარდავა მონაწილეობდა, ხოლო მითითებას „ქართული ოცნების“ წევრი გია სალია, საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი – დიმა გოგოხია გასცემდნენ.

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ ზუგდიდში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმას, რომელიც ორგანიზებული იყო „ქართული ოცნების“ დელეგატის, დათო კოდუას მამის, ოთარ კოდუას მიერ.

„ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრს, ანი წითლიძეს და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს. თავდასხმაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ თანამშრომელი თეონა ქარდავა, რომელიც წარსულშიც გამოირჩეოდა აგრესიული მოქმედებებით ოპოზიციის მიმართ და მონაწილეობდა ჩვენი ოფისის დარბევაში. მითითებებს იძლეოდნენ „ქართული ოცნების“ წევრი გია სალია, „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი – დიმა გოგოხია. თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს დაესხნენ მაშინ, როდესაც ისინი ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდნენ მოქალაქეებს და არიგებდნენ საქართველოს ევროკავშირის პასპორტს, სადაც გაწერილია კონკრეტული სიკეთეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. მაშინ როდესაც „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში საქართველოს უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე ემუქრება“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, 12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინასაარჩევნოდ მთავარ დაპირებად ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის, ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია.

„ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში. ივანიშვილის მცდელობას, ქართველი დაყოს და დააპირისპიროს ძალადობით და სიძულვილის მუდმივი პროპაგანდირებით, ჩვენ ქვეყნის გამთლიანებითა და გაერთიანებით უნდა ვუპასუხოთ.

სწორედ ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მივესალმები და ვიზიარებ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ მოწოდებას გაერთიანებისკენ. „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი კოალიციური პარტნიორების კარი ღიაა პარტია „ახლისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის. ჩვენ მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება გაერთიანების თაობაზე, რადგან ღრმად გვწამს სიტყვების, რომელიც მან თავის ხელით ჩაამატა საქართველოს ეროვნული გერბზე: „ძალა ერთობაშია“. ძალა მართლაც ერთობაშია. ძალა ევროპაშია. მჯერა, ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ: ზუგდიდში, ოპოზიციის წევრები და „ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ