„მოხარული ვარ, რომ კვლავ მაქვს პატივი, მოგმართოთ ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, რომელიც, ბოლო წლებში, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, მიღწევებისა და გამოწვევების განსახილველად მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენცია 2023-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორცც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებით, მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია.
მისი თქმით, ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგ, უფრო მეტი ენერგიით უნდა შევუდგეთ მეორე ნაბიჯისკენ - ევროკავშირში სრული წევრობისკენ სიარულს.
„უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია.
ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ ყველამ დიდი წვლილი შევიტანეთ ამ საეტაპო და დამსახურებული გადაწყვეტილების მიღწევაში. მთავრობასთან ერთად და მათთან მჭიდრო კოორდინაციით, პარლამენტმა ნაყოფიერად იმუშავა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საჭირო რეფორმების გატარებაზე. საპარლამენტო საქმიანობის მესამედი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას მიეძღვნა.
ასევე, მთავრობის მსგავსად, პრაქტიკულად მთლიანი პარლამენტი იყო ჩართული ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან დიპლომატიურ მუშაობაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებით დაგვირგვინდა,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში გაწეული ძალისხმევისთვის.
„საპარლამენტო დიპლომატიური ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენი აქტიური და პროფესიულად მაღალი დონის მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ მოლოცვასთან ერთად, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის. თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ ქვეყნის ევროპული მომავლის განმტკიცებაში.
ევროკავშირის წევრობის გზაზე ორი ფუნდამენტური ნაბიჯიდან ერთს უკვე მივაღწიეთ - მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი. ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ენერგიით უნდა შევუდგეთ მეორე ნაბიჯისკენ - ევროკავშირში სრული წევრობისკენ სიარულს.
კანდიდატის სტატუტის მოპოვების წელიწად-ნახევრიანმა პროცესმა აჩვენა, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა ის, თუ რომელ დღეს თუ თვეს დაიწყება ესა თუ ის ეტაპი, არამედ ის, რომ საერთო ჯამში, პროცესი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, ნაკლები ისტერიით და შედეგზე მეტად ორიენტირებით. საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს მას. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას, რათა ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული მზადყოფნის შემთხვევაში, მოლაპარაკებების დაწყების მომენტიდან დროულად დავასრულოთ მოლაპარაკებები,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.