ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

სოფელ აღმამედლოში, სოფელ იმირში, სოფელ დიდი ბეგლიარში, სოფელ ალგეთსა და სოფელ ასურეთში, ჯამში, 1500-მდე მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში შეძლებენ განათლების მიღებას.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი გაეცნო.

სკოლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორიები. ასევე გათვალისწინებულია კვების სივრცის, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახების, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზების, სათამაშო მოედნისა და ეზოს მოწყობა.