ძალიან სასიხარულოა, რომ ევროკავშირმა ყური უგდო ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას და არა სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
 

„საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდა მართალი, ხოლო ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის პრეზიდენტიც, რომელიც სამწუხაროდ ბევრ ნეგატიურ პროცესში იყო ჩართული, აღმოჩნდნენ მტყუანი საქართველოს ისტორიისა და ქართველი ხალხის წინაშე.

ჩანდა, რომ საქართველო შარშანაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და იყო ყველანაირად მზად იმისთვის, რომ მიეღო სტატუსი. მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის ძირითადი პოლიტიკური ხაზი, რომელსაც შემდეგ დაემატა სალომე ზურაბიშვილიც, გადიოდა იმაზე, რომ საქართველო წარმოეჩინათ მაჩანჩალად უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ეთქვათ, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ [სტატუსს], ვართ ცუდი ქვეყანა, ცუდი ინსტიტუციებით, ცუდი სამართლებრივი ჩარჩოთი. ძალიან სასიხარულოა, რომ ევროკავშირმა ყური უგდო ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას და არა სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.