სამწუხაროდ, პრეზიდენტის ასეთი განცხადებაც ახალისებს იმას, რომ შემდეგ უცხო ქვეყნის ელჩი თავს უფლებას აძლევს თქვას, რომ პოლიცია თავის ამოცანებს ვერ ასრულებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი უყურებს, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიციაზე ასეთი პრეტენზიებით საუბრობს, სხვასაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩვენს პოლიციაზე ასეთი რაღაცები თქვას. მართალია, დღეს ჩვენმა პოლიციამ ვერ უზრუნველყო ამ ღონისძიების ჩატარება, მაგრამ პრიორიტეტები სწორად დასახა და იზრუნა მთავარზე - ადამიანის ჯანმრთელობაზე. პოლიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაირღვა. „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალის“ გამართვა იყო დაანონსებული, ღონისძიების მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, პოლიციასა და პრაიდ ფესტივალის გამართვის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.