ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია პარლამენტის მე-5 სამოქმედო გეგმის (2023-2024 წწ) პროექტი დასამტკიცებლად ბიუროს გადაეგზავნება.
„პარლამენტის ბიუროს მიერ გეგმის დამტკიცების შემდეგ, ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას დავიწყებთ. თუკი ამ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე კვლევა ან დამატებითი ინფორმაცია გაქვთ, მოგვაწოდეთ და აქტიურად ჩაერთეთ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
სამოქმედო გეგმაში სამი ვალდებულება შედის, კერძოდ, პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების, როგორც ინსტრუმენტის გაუმჯობესება და მათი განხორციელების მონიტორინგის სისტემის დანერგვა; პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწა.
გეგმის თანახმად, პირველი ვალდებულება ითვალისწინებს პარლამენტის მიერ კომიტეტის რეკომენდაციებისა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებით ერთიანი მეთოდოლოგიის/შაბლონების შემუშავებას. სამუშაო ჯგუფს, რომელიც აღნიშნულ ვალდებულებაზე იმუშავებს, საბჭოს წევრი ეკა სეფაშვილი უხელმძღვანელებს.
მეორე ვალდებულება ითვალისწინებს პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას პარლამენტის ვებგვერდზე აუდიო-ვიზუალური არხების გაფართოებისა და სტრუქტურირების გზით. შესაბამის სამუშაო ჯგუფს საბჭოს წევრი მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს.
მესამე ვალდებულების ფარგლებში გაიხსნება სადისკუსიო ფორუმი საკანონმდებლო საქმიანობაში პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწის და მათი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. ამ მიმართულებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს საბჭოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.