მთავარია, რომ მოხდა პრევენცია, რაც ყველაფერზე მეტყველებს. სხვა დეტალები ანგარიშის წარმდგენის პრეროგატივაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის ანგარიშთან დაკავშირებული ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „ანგარიშში ნათქვამია, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პირზე მზადდებოდა თავდასხმა და მოახდინეს პრევენცია. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ვის შესახებ არის საუბარი?“
შალვა პაპუაშვილის თქმით, საჯაროდ ყველაფერი არ ითქმის.
„ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა რომ შეძლეს პრევენცია, ეს არის მთავარი. ასევე, მთავარია, რომ თავის დროზე ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა შეძლეს და შემოპარებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში მიაბრძანეს; ასევე, მიუხედავად იმისა, რა ვითარებაც გვაქვს დღეს რეგიონში, ჩვენი უსაფრთხოების მდგომარეობა არ გაუარესებულა. მათ შორის, ვხედავთ, რომ იმის გათვალისწინებით, როცა ჩვენს ქვეყანაში რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან, ერთი ინციდენტიც კი არ ყოფილა, რომელიც ამ ნიადაგზე იქნებოდა. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები აწყობილია იდეალურად. არ ხდება რეალიზება უსაფრთხოების რისკების, რომლებიც არსებობდა. ეს გულისხმობს, რომ უსაფრთხოების სამსახური კარგად მუშაობს. გარეთ როცა დადიხარ და არის უსაფრთხო გარემო, ამას აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ არის სუს-ის ანგარიშში რუსეთი ოკუპანტად მოხსენიებული და რამდენად წარმოადგენს ეს საკითხი პრობლემას?.
„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები ყოველდღიურად გიცავენ საფრთხეებისგან. ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ საფრთხეები ნამდვილად არსებობს სხვადასხვა სახის – ჰიბრიდული თუ პირდაპირი. ამის რეალიზება რომ არ ხდება, ამას აკეთებს უსაფრთხოების სამსახური. ამიტომ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ოკუპანტის ხსენება-არხსენება არასერიოზულია. ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა. საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება, მათ შორის უსაფრთხოების სტრუქტურის მიმართ. არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც ამ საკითხზე არაა საუბარი, თუ საჯარო განცხადება არაა გაკეთებული. როგორ ფიქრობთ, ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის საკითხს?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.