საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ დაამტკიცა, რომ იმსახურებს ნატო-ს წევრობას.
„სინამდვილეში, საქართველოსთვის უარის თქმის არანაირი მიზეზი არ არსებობს. საბაბის მოძებნა ყოველთვის შეიძლება, მიზეზი არ არსებობს. ერთი, რომ საქართველომ ნატო-ს ამა თუ იმ ოპერაციაში თავისი ჩართულობით დაამტკიცა, რომ მოწადინებულია, იყოს სათანადო პარტნიორი და ნატო-ს წევრი. საქართველო ავღანეთში, ნატო-ს მისიაში წარმოდგენილი იყო კონტიგენტით, რომელიც აჭარბებდა ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყნის წარმომადგენლობას და კონტიგენტს. საქართველოს ავღანეთის ომში დაღუპული და დაჭრილი იმდენი ჯარისკაცი ჰყავდა, რამდენიც 2/3 ნატო-ს ქვეყნებს საერთოდ არ ჰყოლია იქ კონტიგენტი. ასე რომ, თავისი მონაწილეობის მხრივ, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს ნატო-ს წევრობას.
მეორე – ინსტიტუციურ განვითარებას რაც შეეხება, აღარავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ საქართველო ბევრ, განსაკუთრებით ნატო-ს ახალ წევრ ქვეყნებზე წინ არის ბევრი პარამეტრის მიხედვით. იქნება ეს დემოკრატიის მაჩვენებლები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებლები, გამჭირვალობა, კარგი მმართველობა, ნატო-ს ბევრ ახალ წევრს ვუსწრებთ ამ მხრივ.
მესამე – საქართველოს შეიარაღებული ძალები არის სრულად თავსებადი ნატო-ს შესაბამის სტანდარტებთან. ჩვენი შეიარაღებული ძალების 80 პროცენტი სხვადასხვა ფორმით, იქნებოდა ეს მისიები, თუ ა.შ. ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად არის მონაწილე სხვადასხვა ღონისძიების. აქედან გამომდინარე, სრულად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან. შესაბამისად, სინამდვილეში უკვე დიდი ხანია, არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ საქართველოს უარი ეთქვას შემდეგ ეტაპზე გადასვლაზე. ერთადერთი, რაც ამისთვის საჭიროა, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, იგვიანებს. ამან დაიგვიანა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, როდესაც ითქვა, რომ კარები ღიაა, მაგრამ არ ითქვა არაფერი კონკრეტული. ამას, რა თქმა უნდა, თავისი შედეგები ჰქონდა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის. სამწუხაროდ, მას შემდეგ ეს ასე გრძელდება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება იგვიანებს. საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადაყვანაზე უარის თქმის მიზეზი არ არსებობს. ერთადერთი შეიძლება არსებობდეს საბაბი და საბაბი თუ ვინმეს სჭირდება, ამას ადვილად მოიგონებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.