ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევ, ვინაიდან გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს ხოლმე და უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს უცხოელი აქტორები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შესახებ კრიტიკული განცხადებების შეფასებისას და გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ევროკავშირის წევრო ქვეყნების წარმომადგენლების დე მარშის შემთხვევა.
„ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევ, ვინაიდან გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგ ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს ხოლმე და უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს უცხოელი აქტორები. მართალია, მერე ბოდიშს აღარ იხდიან, მაგრამ საბოდიშოდ აქვთ ხოლმე საქმე.
შეგახსენებთ მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საკითხს, როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით მივიდნენ იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირის და სხვა ელჩები და ყალბი საფუძვლით, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყო კრიტიკულ მდგომარეობაში და საჭირო იყო მისი გადაყვანა, გამოუცხადეს დე მარში საქართველოს იმ ქვეტექსტით, რომ მზად იყვნენ, დახმარებოდნენ საქართველოს, რომ ეს პრობლემა - სააკაშვილის ციხეში ყოფნა მოეცილებინათ და სადმე საზღვარგარეთ გაგვეყვანა.
რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ, 27 ქვეყნის ერთობლივი განცხადება ამხილა იმაში, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებაზე დაფუძნებული. აი, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ევროკავშირი და მისი წარმომადგენლები, როდესაც აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად გამოგონილ, ცრუ ბრალდებას ეფუძნებოდა ეს დემარში. ვინ ამყარებდა ამ ბრალდებებს - ამყარებდა მაშინდელი სახალხო დამცველი, ქალბატონი ნინო ლომჯარია, რომელმაც ყალბი დასკვნა შეადგინა, სადაც ეწერა, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ არის მისთვის სასჯელის გადავადების ყველა საფუძველი და ამ ტყუილში ამხილა სტრასბურგმა ქალბატონი ლომჯარია, რომ არანაირი კრიტიკული მდგომარეობა იქ არ იყო. მეორე - ამ დე მარშს საფუძველს უქმნიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იგივეს ამტკიცებდნენ მაშინ და ოპოზიცია.
ახლაც ვინ ქმნის ამ ხმაურს და ფსევდო-მტკიცებულებების კორიანტელს - ოპოზიცია და ზუსტად იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა უცხოელი აქტორის მიმართ, რომ თუ არ უნდათ, რომ კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი ქართველი ხალხის მიმართ უხერხულ მდგომარეობაში და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.