„ბრძანებას დეტალებში არ ვიცნობ, არ ვარ ამ საკითხში ჩახედული. რუსეთი დღეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არის სრული ბატონ-პატრონი. ის განკარგავს იქ პოლიტიკასაც, ფინანსებსაც, ეკონომიკასაც, ქონებასაც, ყველაფერს განკარგავს რუსეთი. ამას ჰქვია სწორედ ეფექტური კონტროლი, რაზედაც საუბრობდ სტრასბურგის სასამართლო. მათ შორის ეს ოკუპირებული ტერიტორიები არიან სრულად რუსეთის ბიუჯეტზე და თავისთავად, ეფექტური კონტროლი, არათუ საბჭო, ან რომელიმე ადამიანზეა საუბარი, მთლიანად ეს ტერიტორიები განიკარგება პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთის მხრიდან." – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"რეაგირება არის ის, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს. ვიდრე მიმდინარეობს ოკუპაცია, ეს თავის თავში გულისხმობს როგორც ქონებრივი უფლებების შებღალვას იმ მოსახლეობისა, რომელიც იქიდან არის დევნილი და იცით, რომ მათი ქონებებიც არის მითვისებული. ეს გულისხმობს ასევე ადამიანის უფლებების შებღალვას იმ ტერიტორიებზე, ვინაიდან, ეს არის ტერიტორიები, რომლებზეც ფაქტობრივად რუსეთის ეფექტური კონტროლიდან გამომდინარე არ ხორციელდება, ადამიანის უფლებები იმ მასშტაბით, როგორითაც უნდა იყოს და შესაბამისად, ნაბიჯები გულისხმობს დეოკუპაციას. დეოკუპაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს და მათ შორის, აღიარებული იყოს ტერმინოლოგიურადაც ოკუპაციის საკითხები. იცით, რომ ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში ტერმინ ოკუპაციას არ იყენებდა. დღესაც სამწუხაროდ, ოფიციალურ დოკუმენტებში ეს ტერმინი არ გამოიყენება, თუმცა ბოლო პერიოდში ვნახეთ მაგალითად, ბორელის განცხადება, რომელმაც ტერმინი ოკუპაცია გამოიყენა, მნიშვნელოვანია, ამას მივაქციოთ ყურადღება.
ჩვენ სასამართლო დავით დავადასტურეთ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. შესაბამისად, მისი ყველა ქმედება იქ არის არალეგიტიმური და არალეგალური. საერთაშორისო ორგანიზაციებში რაც კი ინსტრუმენტები არსებობს, წლებია, საქართველოს ხელისუფლება ამას იყენებს. გარდა ამისა, გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, რომელმაც უნდა შეაჩეროს ამ პროცესის შესაძლო ლეგიტიმაცია სხვა ქვეყნების მხრიდან და აქაც წარმატებები გვაქვს და არ ფართოვდება იმ ქვეყნების წრე, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთის უძრავი ქონების მოძიებისა და სამართლებრივი დაცვისთვის თანხების გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, განკარგულება ვრცელდება რუსეთის ყოფილი იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ქონებაზე.