დღეს ყველაზე დიდი ხუთი „ენჯეო“, რომლებსაც ელიტურ „ენჯეოებს“ ვეძახით ხოლმე და რომლებსაც, ფაქტობრივად, მონოპოლიზებული აქვთ საგრანტო დაფინანსება, რეალურად, პოლიტიკური პარტიებივით იქცევიან და რეგისტრირებული რომ იყვნენ პოლიტიკურ პარტიებად, თავისი ბიუჯეტით ყველაზე მდიდარი პოლიტიკური პარტიები იქნებოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
„მათ შორის, რიგ შემთხვევაში შეიძლება „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ბიუჯეტიც ჰქონოდათ, მაგრამ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ გარანტირებულად იქნებოდა ეს ხუთი „ენჯეო“ და შემდეგ პატარ-პატარა პარტიები. საუბარია ცნობილ დიდ „ენჯეოებზე“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ასე შემდეგ, რომლებსაც წლიური ბიუჯეტი აქვთ სამი-ოთხი მილიონი ლარი. ამის საპირწონედ რომ აიღოთ, მაგალითად, „რესპუბლიკური პარტია“, მისი წლიური ბიუჯეტი არის 200 000 ლარი და, რა თქმა უნდა, შემდეგ ასეთ პარტიებზე დომინირებს, მათ შორის, ასეთი „ენჯეო“. ასეთი „ენჯეოები“ მერე თავის თავს უფლებას აძლევენ, და რაც შემდეგ თავადაც აღიარეს, სახალხო დამცველის არჩევის დროს პატარა პარტიების წარმომადგენლებზე მიდიოდა პირდაპირ ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ მხარი არ დაეჭირათ ლევან იოსელიანისთვის. რატომ აძლევენ თავს ამის უფლებას ეს „ენჯეოები“? იმიტომ, რომ მათ აქვთ ფინანსური რესურსები, აქვთ მხარდაჭერა და იციან, რომ შეუძლიათ პარტიებზე ზემოქმედება. აქედან გამომდინარე, თავს უფლებას აძლევენ, პოლიტიკოსებზე, თავისუფალი მანდატის მქონე დეპუტატებზე მოახდინონ ზეგავლენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რით ხსნის არასამთავრობო ორგანიზაციების დუმილს სამებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვა კონფესიებთანდაკავშირებით მომხდარი გაუგებრობების დროს განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევიან, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ეკლესიაზე 7 იანვარს განხორციელდა უპრეცედენტო კოორდინირებული თავდასხმა და არასამთავრობო ორგანიზაციები არათუ დუმდნენ, არამედ მათი წარმომადგენლები პირადად იყვნენ ამაში ჩართული.
მისი თქმით, ქართულ ეკლესიაზე ასეთი მასშტაბური თავდასხმა პირველად განხორციელდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფა და, ფაქტობრივად, გადაილახა ძალიან მნიშვნელოვანი წითელი ხაზები.
„ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, ყველამ გააანალიზოს ეს, იმ პარტიებმა და „ენჯეოებმა“, თითქოს ჩუმად რომ იყვნენ და თავიანთ ტელევიზიებს ალაპარაკებდნენ. ვგულისხმობ „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. აბა, შეხედეთ, იმ დღეებში რა იყო „ტვ პირველისა“ და „მთავარის“ სარედაქციო პოლიტიკა. იდგნენ და მღვდელმსახურებაშეჩერებულადამიანებს აკომენტარებინებდნენკათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს და ზუსტად იმ ნარატივს ატარებდნენ, რაც იყო ამ ე.წ. სტალინის ხატთან დაკავშირებით. ეს არის ტყუილი ტერმინი. რუსული კანონი ხომ დაარქვეს კანონს და ასე დაარქვეს სტალინის ხატი. ხდება აბსოლუტური ტყუილის გამოგონება, ბრენდირება, გარკვეული სახელის მიწებება და ემოციებზე თამაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო დონორებს მოუწოდა, ჩახედონ, რით არიან დაკავებული ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი აფინანსებენ.
„ნახონ ის მტრული რიტორიკა, რომელიც ზოგიერთ „ენჯეოს“ აქვს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ და განაცხადონ, ამ მტრულ რიტორიკას იზიარებენ თუ არა. თუ არ იზიარებენ, რა თქმა უნდა, შესაბამისად უნდა ჰქონდეთ რეაგირება ამ საკითხზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.