მომავალ კვირას ვგეგმავ ვიზიტს ბრიუსელში, სადაც წერილს პირადად გადავცემ ევროკომისიის პრეზიდენტის წარმომადგენლობას და ასევე ევროკავშირის ინსტიტუციების სხვა წარმომადგენლობას, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა წერილზე, რომლითაც საპარლამენტო ოპოზიციის 13 ქალი დეპუტატი ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართავს.
მისი თქმით, წერილის გარდა, ბრიუსელში ორი მთავარი გზავნილით მიდის.
„რა არის ჩვენი გზავნილი? ჩვენი გზავნილი არის მარტივი, საქართველოს დღეს ჰყავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, რომელმაც გააკეთა ყველაფერი, რომ ეს ქვეყანა დატოვოს ევროპული მომავლის გარეშე, მაგრამ ყველა ხელისუფლება, მათ შორის რუსული ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, არის დროებითი, მუდმივია მხოლოდ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. სწორედ ამიტომ, ამ წერილის გარდა, ბრიუსელში მივდივარ ორი მთავარი გზავნილით, ჩემი პარტიისგან, „ლელოსგან“. ერთი, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩააგდო ყველა მოთხოვნის შესრულება, მიეცეს შანსი ქართველ ხალხს, გააგრძელოს ევროპისკენ მოძრაობა და დაპირება მიიღოს კანდიდატის სტატუსის სახით, რომ ის იმ ქვეყნის მოქალაქე იქნება, რომელსაც აქვს პერსპექტივა, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამასთან ერთად, ჩვენ დღეს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, არის დახმარება ჩვენი ევროპელი, დასავლელი მეგობრებისგან, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებით შევცვალოთ რუსული რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. დაპირება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ვაქციოთ რეალურ შანსად საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.