პლაკატი, რაც ჩვენ აქ გავშალეთ, რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის სლოგანი გახდა და თქვენ რომ გაწუხებთ მესმის, იმიტომ, რომ რუსულ გემზე ხართ გამაგრებული, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელი განცხადებების საკითხზე დაპირისპირებით დაიწყო, რის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა ფაქტი, როდესაც კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სხდომათა დარბაზში ბანერი გაუშალეს.
„ის, რაც სალომე სამადაშვილმა და მასთან ერთად სამმა ქალმა დეპუტატმა იკადრა, მაშინ, როდესაც ქალბატონი მინისტრი თეა წულუკიანი იყო აქ, სინანული კი არა, ამასთან დაკავშირებით რაიმე შეწუხებაც კი, ვერ შევატყვე მათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რასაც სალომე სამადაშვილმა უპასუხა:
„ბატონო შალვა, უნდა შეგახსენოთ, რომ ის პლაკატი, რაც ჩვენ აქ გავშალეთ, გახდა სლოგანი რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის და თქვენ რომ გაწუხებთ მესმის, იმიტომ, რომ რუსულ გემზე ხართ გამაგრებული, მაგრამ მსგავსი სლოგანი გამოფენილია ამერიკის კონგრესში, ევროპარლამენტში და ევროკავშირის სხვა პარლამენტებში.
ახლა, რაც შეეხება იმას, რაც აქ გუშინ მოხდა, გუშინ აქ მოვიდა ორი დეპუტატი და წინასწარ დაწერილი ტექსტით მოახდინა არამხოლოდ შეურაცხყოფა, არა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ ცდილობ,რომ ადამიანის ღირსება გაანადგურო მისი პირადი ცხოვრების სპეკულაციებით და ეს გააკეთა ბერაიამ გუშინ, საზოგადოებას პირდაპირ უნდა ვუთხრათ. ამიტომ ერთადერთი ადეკვატური რეაგირება არის ის, რომ მისი საქმე გადაეცეს პარლამენტის ეთიკის საბჭოს და შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. დაპირისპირება მოხდა და ანა წითლიძეს შორისაც.