შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის. თავად დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ, სასამართლო ხელისუფლებამ, მაგრამ ზოგადად ხელწერა არის აბსოლუტურად ნათელი და გამოკვეთილი. ასეთი ხელწერით მოქმედებენ ისინი სხვა შემთხვევებშიც. თქვენ იცით, რომ იგივე კეზერაშვილის შემთხვევა, როდესაც მას მოაპარინეს ჯერ ფული ჩვენი ჯარის ხარჯზე, ბიზნესის ხარჯზე, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე, შემდეგ უკვე ამ მოპარულ ფულს ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.
დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა მედიასთან განაცხადა: აქციების დაფინანსების მექანიზმი არ არსებობს - ვინც თავისი ფასეულობის გამო გარეთ დგას, იმ ხალხს ვეხმარები და ყოველთვის დავეხმარები ასეთ ხალხს
ცნობისთვის, 2023 წლის 6 ივნისს, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინის მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გირაო 2 მილიონ 500 000 ლარი შეეფარდა.