თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს განიხილავს.

გიორგი ბაჩიაშვილმა საქმის განხილვის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა: 

„ეს იყო ტყუილი, რომელიც „იმედმა“ მოიგონა, ეს არის ივანიშვილის პირადი ტელევიზია, რომელიც ივანიშვილის მიერ ფინანსდებოდა ყოველთვის და შესაბამისად, ივანიშვილის ნარატივს აჟღერებს. თქვენ თქვით, აქციებს აფინანსებსო, აქციების დაფინანსება არის სხვა. აქციების დაფინანსების მექანიზმი არ არსებობს, მე არ ვიცი, როგორ დავაფინანსო აქციები, არ არსებობს ეს მექანიზმი, იქ არავის არც ხელფასი ეხდება მონაწილეობაში და არც არაფერია. რა დაფინანსება უნდა აქციას? პროტესტი ვისაც აქვს, ხალხი გამოდის და თავისი ფასეულობებისთვის დგანან, ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. რა დაფინანსება უნდა ამას, ვერ გავიგე. უბრალოდ სახელმწიფო, რომელიც რეპრესირებს ხალხს, რომელიც სცემს და საშინელ მდგომარეობაში ამყოფებს ხალხს, ვინც თავისი ფასეულობის გამო გარეთ დგას, იმ ხალხს ვეხმარები და ყოველთვის დავეხმარები ასეთ ხალხს.

გარწმუნებთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის ფონდები – და მე სხვანაირი ფონდები არ ვიცი – რომლებიც ეხმარებიან დაზარალებულ ადამიანებს. იმ ადამიანებს, რომლებიც გამოუშვეს სამსახურებიდან. მე ამ ფონდებს არ დავასახელებ, რადგან სახელმწიფოსგან მიმდინარეობს ზეწოლა ყველა მიმართულებით. მე არ მინდა, ჩემი დახმარება გახდეს ვიღაცაზე ზეწოლის მიზეზი“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „გუშინ თქვით, რომ აქციებზე დაკავებულებს და დაშავებულებს ეხმარებით, დღეს – სამსახურიდან გათავისუფლებულებსო, კიდევ ხომ არ არის ვინმე, ვისაც ეხმარებით აქციებზე?“, – ბაჩიაშვილმა უპასუხა: „გუშინ ვთქვი, პროცესში დაზარალებულები, მათ შორის ნაცემები, ეს ფონდები, რა თქმა უნდა, ეხმარებიან, მათ შორის იმათ, ვინც სამსახურიდან გამოუშვეს“.

შეგახსენებთ, 2023 წლის 6 ივნისს, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინის მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გირაო 2 მილიონ 500 000 ლარი შეეფარდა.

"პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის - 1 305 000 აშშ დოლარს.

შეთანხმებისამებრ, გ.ბ.-ს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე.

ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1 წლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 253.13 ბიტკოინს შეადგენდა.

ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო  აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული  აქტივების ფლობა და  სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."- ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.