რაც მეტად დაიმშვიდებს ოპოზიცია თავს, მათ შორის უცხოეთის შედეგებით, მით უკეთესი, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საზღვარგარეთის უბნების შედეგებს ეხებოდა.
„მათ შორის გვჭირდება მათი სიმშვიდე. რაც უფრო მშვიდად იქნება ოპოზიცია, მით უკეთესი, დაიმშვიდონ თავი ამ უბნებით.
წინა არჩევნებზეც ასე იყო, იმის წინაზე, ეს ასე ხდება ხოლმე მარტივი მიზეზის გამო, როდესაც არის ამომრჩეველი ქვეყნისგან მოშორებით, ის ინფორმაციას იღებს მხოლოდ კონკრეტული წყაროებიდან და ამ წყაროებთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციებიც არსებობს, მაგალითად, სოცმედიაში. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შედეგები, რაც აისახა არჩევნებზე, თუმცა ამით, ბუნებრივია, თავს ვერავინ დაიმშვიდებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.