რაც შეეხება თვითონ ჩვენს მოლოდინებს, ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი, თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია. ჩვენ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის გარანტირებული. ჯერ კიდევ არის დარჩენილი 2 საათი, მოსასვლელია ალბათ 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, არის საჭირო თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ ამ არჩევნებში, არა მხოლოდ დიდი უპირატესობით მოვიგოთ და მოვიპოვოთ მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ასევე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს , რომ მაქსიმალურად გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და იმოქმედონ მაქსიმალური პასუხისმგებლობით საკუთარი ქვეყნის წინაშე. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, სასწორის ორ მხარეს დგას ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, ქვეყნის ბნელი წარსული ერთ მხარეს და მეორე მხარეს დგას ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც არის ძალიან დიდი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რა თქმა უნდა, თითოეულ ამომრჩეველს მაქსიმალურად მობილიზდნენ და გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე. რაც შეეხება იმ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა უბნებზე, უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი, მათ კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.