მაკვირვებს თქვენი კონსტრუქციულობის დესტრუქციულობა. კიდევ ერთხელ, არის რეგლამენტი, არის წესები, გაქვთ სურვილი? დაასახელეთ დღეს სახალხო დამცველის კანდიდატურა, პირობას გაძლევთ, ხვალ ჩავატარებ ბიუროს, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს ბიუროს სხდომაზე.

მისი თქმით, თუ დღეს პარტია „ლელო“  წარმოადგენს სახალხო დამცველობის კანდიდატურას, ხვალ, საკითხთან დაკავშირებით ჩატარდება ბიუროს სხდომა და მათი კანდიდატიც განხილული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ.

„ეს ხომ არ არის შაირის საკითხი. სერიოზულად შეხედეთ საკითხს. ბატონო დავით, თქვენ ბრძანდებოდით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ომბუდსმენის არჩევას რაც შეეხება, 12 -პუნქტიდან ერთერთია ეს საკითხი და გახსოვთ, რამდენად სერიოზულად მიუდგა ყველა ამ საკითხს. ყველა ვცდილობთ, რომ პროცესი ერთი მხრივ, იყოს გამჭვირვალე და მეორე მხრივ, შედეგიანი. კვალიფიცირებული უმრავლესობა რომ ამ ქვეყნის პრობლემაა, რომ მსგავსი ჩანაწერები გვაქვს კანონში, მგონი, პრაქტიკამ დაამტკიცა. ჩვენს ვსაუბრობდით, რომ კვალიფიცირებული უმრავლესობა – ეს არის ცუდი სისტემა, ეს დამტკიცდა უკვე, ბევრი გარემოების გამო და მომავალში, ჩვენთვის, როგორც კანონმდებლობისთვის, ეს დიდი გაკვეთილია. შესაბამისად, სწორედ ამიტომ არის სურვილი, რომ თუკი არის ინიციატივა, ეს ინიციატივები იყოს განხილული და დიახ, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც არის და არის ეს საკითხიც, რომ კომიტეტს მიეცეს შესაძლებლობა, მალევე დაიწყოს ამ საკითხზე მსჯელობა. დაასახელებთ დღეს სახალხო დამცველის კანდიდატს? ხვალ ჩავატარებ ბიუროს და თქვენი კანდიდატი ვინც იქნება, მასაც განიხილავს ადამიანის უფლებათა კომიტეტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დავით უსუფაშვილის განცხადების პასუხად.

დავით უსუფაშვილმა პროცედურებთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე სიცხადის შეტანა ითხოვა. 

„ამ საკითხზე იქნებ შეგვეტანა გარკვეული სიცხადე შემდგომ პროცედურებსა და ნაბიჯებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ვითარებაში, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მეორე პროცესის ვადები და პირობები სჯობს, იყოს ცხადი ახლავე, ვინაიდან ბატონმა ლევან იოსელიანმა, ჩვენმა კოლეგამ რაღაცნაირად გახსნა ეს თემა თავისი ნაბიჯით.

ე.ი. გუშინწინ რომ დაგვესახელებინა კანდიდატი, ვთქვათ „ლელოს“, შუა კვირაში, როდესაც ბიუროს სხდომა უიშვიათესი სუპერსაჭიროებისთვის იმართება (აქ დღის წესრიგში ვერ ვნახე ვერც ერთი სუპერსაჭიროება ასეთი საქმისთვის, რადგან სხვა ყველა საკითხი არის ცნობად მისაღები ან ყველაფერი, რაც ორშაბათის ბიუროზე მშვიდად შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო) თქვენ მეუბნებით, რომ ჩაატარებდით ბიუროს სხდომას, გამოაცხადებდით, რომ კანდიდატი დასახელდა,ზეგ კომიტეტი შეიკრიბება, განიხილავს, წავედით კენჭისყრაზე და არავის სხვას საშუალება აღარ აქვს, რომ კანდიდატი დაასახელოს.

ანუ, ვადის შეწყვეტა დამოკიდებული ყოფილა იმაზე, ჩვენ თუ დავასახელებდით კანდიდატს? რა მნიშვნელობა აქვს, იოსელიანია დასახელებული, თუ უსუფაშვილი იქნებოდა. გავიგე თქვენი პოზიცია, რომელიც მგონია, რომ არასწორია. ყველა კანდიდატს, რომელიც დასახელდება, კენჭისყრამდე ვიდრე მივა საქმე, მაშინ უნდა მოუსმინოს კომიტეტმა, რადგან ჩვენ გვაქვს პროცედურები დასახელებულ კანდიდატთა კენჭისყრის თაობაზე.

გთავაზობთ ძალიან მარტივ რამეს, რომ ან პოლიტიკური ჯგუფები შევთანხმდეთ, ავიღოთ სიტყვაზე, დღეიდან ერთი კვირა. ერთი კვირის განმავლობაში თუ დაასახელა ვინმემ, დაასახელა. თუ არადა, იმის შემდეგ ჩავთვალოთ, რომ შევწყვიტეთ დასახელების პროცესი. ან თუ ასე არაა, მაშინ პლენარული სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანამდე, ყველა ჯგუფს აქვს დასახელების უფლება. ერთი ან მეორე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.