საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ტოვებენ.

მაჭუტაძე აცხადებს, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას, სრულად იზიარებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების შესახებ, არის ტყუილი და "კლანს" ემიჯნებიან.

„დეპუტატები - როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენ დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დამალვაზე საუბრობდნენ, რასაკვირველია უარვყოფთ და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არსად ვიმალებით.

ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან საუბარი იყო გარიგებაზე. ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე არავის გარიგებია. „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაცია არ გვქონია. „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონია შეხვედრა. „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონია სატელეფონო ზარი. ჩვენ არაფერი გვაკავშირებს „კლანთან“. იმ „კლანთან“, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი.

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით იმ სასამართლო „კლანს“, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებობს“,- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90-ზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.

თითქმის ორი წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ამოეწურათ. საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრებს: - ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ. შესაბამისად, 2021 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 10 წევრია.