დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი მთავარი საგამოძიებო უწყება - პროკურატურა, კორუფციისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, ოცნების კორუფციაში ჩართული წარმომადგენლების დასაცავად იბრძვის. უკანონო პროცედურებით (რასაც დღეს ჰქონდა ადგილი) კორუფციის ფაქტებზე გამოძიების არდაწყების გამართლების მცდელობა, პროკურატურის მხრიდან დანაშაულის დაფარვაში თანამონაწილეობაა! - ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
"ჩვენ სისტემურ კორუფციას ვებრძვით და დანაშაულის თანამონაწილე არ გავხდებით - ოცნების კორუმპირებულთა დაცვის პროკურატურის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ!
კორუფციის თითოეულ ფაქტზე ჩვენი გუნდი შესაბამის სამართალდამცავ უწყებას ინფორმაციას მიაწვდის ოფიციალური, უკვე დაწყებული გამოძიების ფარგლებში!
პროკურატურა აწარმოებს უკანონო პროცედურებს, რომლის მიზანი კალაძე-კობახიძის დაჯგუფების და ოცნების სხვა მოწინავე კორუმპირებულებისთვის ხელის დაფარება და სისტემური კორუფციისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნაა.
30 აგვისტოს ჩვენს მიერ კორუფციული მშენებლობების ფაქტზე შეტანილ განცხადებაზე, რამაც პირდაპირი საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, პროკურატურამ 5 თვის თავზე, კორუმპირებულთა დაცვის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დაგვიბარა. პროკურატურა 5 თვის თავზე გამოძიების არდაწყებაზე მუშაობს მაშინ, როცა 5 თვის წინ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების ვალდებულება ჰქონდა.
ოცნებას და პროკურატურას შევახსენებთ - დანაშაულზე პროკურატურას გამოძიების დაწყების ვალდებულება აქვს! ოფიციალური გამოძიების დაწყებამდე ჩატარებული ყველა პროცედურა უკანონოა! მოვუწოდებთ დაიცვან კანონი, დაიწყონ გამოძიება, დანიშნონ პარლამენტში გენერალური პროკურორის მოსმენა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე მოქალაქეებს ჩააბარონ ანგარიში." - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.