„მსურს მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელად ჰგონიათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას იცავენ და, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებენ თუ ვის მიერ მართულ აქციებში იღებენ მონაწილეობას. ეს არის გარე ძალების მსახური, გახრწნილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს ხალხი საქართველოს განიხილავს ტერიტორიად და არა როგორც ეროვნულ- კულტურულ ფენომენად. ისინი საქართველოს უყურებენ როგორც საერთაშორისო კორპორაციის შემადგენელს და არა როგორც დამოუკიდებელ ერთეულს. ამიტომ მათი მისია ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ერისთვის სამი რამის - გონების, კულტურის და ეროვნული ღირსების შეგრძნების განადგურება“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ იყო, რომ ე.წ. ვარდების რევოლუციით მოსულმა ძალამ პირველი დარტყმა სწორედ განათლებასა და მეცნიერებას აგემა.
„დარტყმა განახორციელეს ერის გონებაზე. მოგვიანებით ჩარეცხილებში ასევე აღმოჩნდნენ ჩვენი სასიქადულო კულტურისა და სპორტის საზოგადო მოღვაწეებიც. ასე დაიწყეს ჩვენი კულტურის განადგურება. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი - აუცილებელი იყო განადგურებულიყო ეკლესია, რომელზეც ისტორიულად დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რომელიც არის ქართული კულტურის და ეროვნული თვითშეგნების საფუძველი. ამიტომ გამოუცხადეს ბრძოლა პატრიარქს, მართლმადიდებელ ეკლესიას და, ზოგადად, რწმენასაც. მათ შეურაცხყვეს ჩვენი სიწმინდეები. არც ჩვენი კულტურისა და სპორტის ცოცხალი მოღვაწეების დამუნათება დავიწყებიათ. ყველა ხედავს ყოველდღიურად როგორი მონდომებით აყენებენ შეურაცხყოფას ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც უამრავი სიკეთე გაუკეთა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი ბოროტებების შესახებ.
„ეს გარე დაკვეთის შემსრულებელი უსამშობლოები ყველაფერს რყვნიან, რასაც ეკარებიან. სამწუხაროდ, ამ საფრთხის წინაშე დგანან ჩვენი გონებაარეული ის მოქალაქეები და ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ამ ხალხის გვერდით დგომით ეროვნულ საქმეს ემსახურებიან და რეალურად საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებენ. სახადი, სახელად „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მოვიხადეთ და ჩვენი ხალხი არავითარ შემთხვევაში დაუშვებს ამ უსამშობლოების უკან მმართველ ძალად დაბრუნებას“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.