ყველა იმ საჭიროებას, რომლებიც გააჩნიათ ონკოლოგიურ პაციენტებს, თუკი სათანადო მკურნალობის და მედიკამენტის მიწოდება ვერ ხერხდება კერძო სექტორის მხრიდან, ბუნებრივია, საკუთარ თავზე აიღებს სახელმწიფო, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ აქვს მიზნად, კერძო სექტორის კონკურენტად იქცეს.
„მაგრამ თუ კერძო სექტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების პროცესში რაღაცას შეიძლება, აგვიანებს, ისე ვერ აკეთებს, როგორც ეს აუცილებელია, აქ ბუნებრივია, სახელმწიფოს შეიძლება უჩნდებოდეს გარკვეული პოზიტიური მოვალეობები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გარკვეული ჩარევის, ინტერვენციის საჭიროება სახელმწიფოს ექნება.
სახელმწიფოს აქვს გამოცხადებული კონკრეტული მედიკამენტები, რომელთა ღირებულებას სრულად ანაზღაურებს. ახლა საუბრები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყნის ბაზრის გახსნა, რომელიმეს დაკეტვა, ხელმისაწვდომობის სირთულეები და ასე შემდეგ, თითქოსდა არის წინაღობა კერძო ბიზნესისთვის, რომ უზრუნველყონ იმპორტი რომელიმე კონკრეტული მედიკამენტისა.
მე ვფიქრობ, რომ არც თუ დამაჯერებელია ბიზნესის არგუმენტები ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად, როცა საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან მედიკამენტებს, რომლებიც ონკოლოგიასთან არის დაკავშირებული. თუ ასეთი მიმართულებით დეფიციტები კიდევ გახანგრძლივდება და ჩვენ ვერ დავინახავთ ქმედით ნაბიჯებს მათ აღმოსაფხვრელად მას შემდეგ, რაც დახურულ შეხვედრაზეც და საჯაროდაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად იმოქმედონ იმისთვის, რომ ეს დეფიციტები შეივსოს, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო თავად განახორციელებს ამ შესყიდვას და სახელმწიფოს მოუწევს, ის, რისთვისაც ბიზნესს უხდიდა თანხას და ყიდულობდა ონკოლოგიური პაციენტების სასარგებლოდ, ამ შესყიდვას თვითონ განახორციელებს და მიაწვდის პაციენტებს.
ყველა იმ საჭიროებას, რომლებიც გააჩნიათ ონკოლოგიურ პაციენტებს, თუკი სათანადო მკურნალობის თუ მედიკამენტის მიწოდება ვერ ხერხდება კერძო სექტორის მხრიდან, ბუნებრივია, საკუთარ თავზე აიღებს სახელმწიფო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.