"იმისთვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მოვუწოდებ, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
"დღეიდან კანონის ძალით საქართველოში იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს. ანუ, ამიერიდან იურიდიული ძალის არმქონედ ითვლება ე.წ. ქაღალდის ან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები. სახელმწიფოს მხრიდან დიდი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები, შეეცვალათ თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით. ამ მიზნით მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულია უფასოდ პირადობის მოწმობის შეცვლა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა ჩვენი მოქალაქეებისა, რომელთაც აქვთ ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა, არ ისარგებლეს ამ შესაძლებლობით და დღეიდან ამ ადამიანებს აღარ აქვთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
იმისთვის, რათა დაბრკოლება არ შეექმნას ამ ადამიანებს მათთვის გათვალისწინებული პენსიების და სხვა სოციალური შემწეობების მისაღებად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება ამ თანხების გაცემა. თუმცა, ეს არ ნიშნავს ქაღალდის პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სოციალური გასაცემლების მიღებაზე არ შეექმნებათ მოქალაქეებს დაბრკოლება ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წესი დროებითია და ის უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება. ამიტომ, იმისთვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მინდა მათ მივმართო და მათ მოვუწოდო, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა, ვიმეორებ, მომავალში არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად, ასევე სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, რომლისთვისაც ზოგადად მათ სჭირდებათ პირადობის დადასტურება. სახელმწიფო კი კვლავაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს იმ ადამიანებს, ვინც მოითხოვს პირადობის მოწმობის გამოცვლას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.