ჩვენ ერთგვარად შევეჩვიეთ უკვე უკრაინის მხრიდან მსგავს მოქმედებებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთგული რჩება იმ მხარდაჭერის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ უკრაინელი ხალხის, უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადაიდგას ნაბიჯები, უკრაინულ მხარეს კიდევ უფრო ესკალაციისკენ მიჰყავს ეს ურთიერთობები.
„იმ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ, რომ არ წყდება უკრაინის ხელისუფლების, უკრაინის ზოგიერთი პირის მხრიდან საქართველოს საკითხის ძალიან უარყოფითი განცხადებები და ქმედებები, რაც, საბოლოო ჯამში, მიმართულია ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის განსახორციელებლად. ამის უკან არ დგას არანაირი კეთილი მიზნები, არანაირი კეთილი სურვილები ქართველების მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ იმის ნაცვლად, ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადავდგათ ნაბიჯები, კიდევ უფრო ესკალაციისკენ მიჰყავს უკრაინულ მხარეს ეს ურთიერთობები.
იცით, რომ მათ გაწვეული ყავთ ელჩი საქართველოდან, იცით, რომ მათ გაუგონარი ნაბიჯი გადადგეს დიპლომატიაში და საქართველოს ელჩი გამოუშვეს უკრაინიდან, ესეც არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია არა უკრაინული ურთიერთობების დარეგულირებისკენ და უკეთესობისკენ, არამედ ნეგატიური გზით განვითარებისკენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას.