საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მალტაში, ეუთო-ს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს აქვს სრული უფლება, არ მოსწონდეს ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ და ეს სხვადასხვა ფორმით დააფიქსიროს.
„საქართველოს აქვს თავისი აბსოლუტური უფლება, გამოხატოს თავისი პოზიციები. ჩვენ არ ვმალავთ ჩვენი პოზიციების გამოხატვას მაშინ, როდესაც საქმე ეხება რუსეთთან ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ ამოცანად კვლავ რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით და გვაქვს სრული უფლება, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ, არ მოგვწონდეს და ეს დავაფიქსიროთ სხვადასხვა ფორმით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ლავროვის გამოსვლის დროს დარბაზი დატოვეს ჩეხეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის დელეგაციების წარმომადგენლებმაც.