საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონოდათ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებში, შენგენის ზონაში. ეს არის უდიდესი მიღწევა, საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით მიღებული, იმ სწორი პოლიტიკით, რომელიც მას ჰქონდა წლების განმავლობაში, იმ რეფორმებით, რომლებიც ქვეყანამ განახორციელა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ძალიან ხშირად ისმის სპეკულაციები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და ხშირად ეს არის ქართული ოპოზიციიდან წამოსული თემა.
მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არავისთვის მიუცია საფუძველი, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.
„ქართული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუკი მსგავსი ზეწოლა იქნება ქვეყანაზე, მათთვის უფრო მარტივი იქნება მიზნების მიღწევა ნებისმიერი გზით ხელისუფლების ცვლასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი გზა, სადაც ისინი ხედავენ და არც მალავენ, რომ შეიძლება მათ წაადგეთ საბოლოო მიზნების მიღწევაში, რაც ძალიან სამწუხაროა. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ძალიან სწორად იქნება გაკეთებული შეფასებები, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს წევრი ქვეყნების პოზიციები საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეს არის ის საკითხი, რასაც სჭირდება კონკრეტული საფუძვლები. საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ ვინმესთვის შეექმნა საფუძველი, მსგავსი საკითხი დააყენოს დღის წესრიგში, ან მსგავს საკითხს შემდგომ მიეცეს მსვლელობა და ასეთი გადაწყვეტილებები იყოს საქართველოსთან მიმართებაში მიღებული ევროკავშირის მხრიდან“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნას დააყენებს.