პორტუგალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა „ევორა 2027 - ევროპის კულტურული დედაქალაქის“ სამხატვრო მიმართულების საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ლორენცო პაპაგალოს შეხვდა.
პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2027 წლის პროგრამაში ქართველი ხელოვანებისა და ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულების ჩართვისა და წარმოჩენის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ქართული კულტურის ფართო წარმომადგენლობის ინიციატივა „ევორა 2027 - ევროპის კულტურული დედაქალაქის“ საორგანიზაციო კომიტეტმა წამოაყენა.
შეხვედრას პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან წურწუმია და საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ბაკურაძე ესწრებოდნენ.
პორტუგალიის ისტორიული ქალაქი ევორა 2027 წელს ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსს ატარებს. მასშტაბური კულტურული პროგრამის ოფიციალური გახსნა 2027 წლის თებერვალშია დაგეგმილი.









