საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანმრთელობის მეგობართა ჯგუფის მეექვსე ყოველწლიური მინისტერიალის შეხვედრაში, რომლის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე – იაპონიასთან და ტაილანდთან  ერთად – საქართველოც არის. აღნიშნული შეხვედრის თემას წარმოადგენდა „სტრატეგიული ინვესტიციები მდგრადი ჯანდაცვის სისტემებისთვის: ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება და საყოველთაო ჯანდაცვის დაფარვის ხელშეწყობა ცვალებად სამყაროში“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.

მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა 2013 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დანერგვიდან, დღემდე საქართველოს ძალისხმევასა და პროგრესზე. მან აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველომ დაიწყო პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველი რეფორმა და მიმოიხილა რეფორმის ძირითადი მიმართულებები. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ რეფორმებს საფუძვლად უდევს ძლიერი თანამშრომლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, პარტნიორებთან და პროფესიულ ორგანიზაციებთან, რაც უზრუნველყოფს საქართველოს პროგრესი შესაბამისობას გლობალურ ვალდებულებებთან, მათ შორის მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგთან.

დასასრულს, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სწრაფად ცვალებად სამყაროში ჯანდაცვის სისტემები უნდა იყოს მოქნილი, ინკლუზიური და მომავალზე ორიენტირებული. მისი თქმით, საქართველოს გამოცდილება ადასტურებს, რომ პირველადი ჯანდაცვის, ციფრული ჯანდაცვისა და ფინანსური დაცვის მიმართულებით სტრატეგიული ინვესტიციები არა მხოლოდ აძლიერებს მდგრადობას, არამედ ქვეყანას აახლოებს საყოველთაო ჯანდაცვის ხედვასთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.