პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თავისი სიტყვის მძევალი გახდა თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ, არასწორი იყო მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულაცია. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„კონსილიუმის დასკვნის შემდეგ შემაშფოთებლად გაიზარდა რისკი, მათ შორის უეცარი ფატალური შედეგის დადგომის. ევროსაბჭოს ასამბლეის მომხსენებლების რეკომენდაცია დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს, რაც ითვალისწინებს საქართველოში უცხოელი ექიმების ჩამოსვლას და სააკაშვილთან შესვლას, ადეკვატური ანგარიშის დადებას. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა და უნდა ესმოდეთ, რომ საზოგადოების გახლეჩის მცდელობა არ წაადგება ქვეყანას.
ჩვენ არ ვართ ექიმები და ვერ გეტყვით, პატიმრის ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი შეიძლება, იყოს – დეპრესია, სტრესი. ამან შეიძლება, ბევრი რამ განაპირობოს. ეს ზუსტად ისაა, რასაც კონსილიუმის წევრები ამბობენ. რა მდგომარეობაშიც არის, იმის საფუძველს ქმნის, რომ ფიზიოლოგიურად ძალიან სერიოზული დარღვევები და ცვლილებები ჰქონდეს. ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა მესმის, მაგრამ საქმე გვაქვს მესამე პრეზიდენტთან, პრეზიდენტის პატიმრობაა და ქვეყნისთვის მომავალი ექვსი თვე ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახმა და ხელისუფლებამ ყოველგვარი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე ჰუმანიტარული მიზნით შეთანხმებას მიაღწიონ. ყველაზე დიდი შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნების პერიოდში. ეს ძალიან სერიოზული შეცდომა იყო. არ ვიკადრებ, რომ ჩემი ყოფილი პარტია დავადანაშაულო იმაში, რომ მის თავისუფლებას ვერ აღწევენ, რადგან ამას ჩვენ ვერ ვიზამთ და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ადამიანი არის ავად, ფიზიოლოგიურად ავადმყოფია მძიმე დიაგნოზებით. ის ხაზი, რომ ვინმე მისი თავისუფლებისთვის საკმარისს არ აკეთებდა, არასწორად მეჩვენებოდა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მედიის კითხვაზე, „მანიპულაციაში იგულისხმება თუ არა ხაბეიშვილი, შევვარდები და ფიზიკურად გამოვიხსნიო?“ რაზედაც დეკანოიძემ აღნიშნა:
„ლევანი თავისი სიტყვის მძევალი გახდა თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ, არასწორი იყო მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულაცია. სწორი არ ვიქნები, ვინმე რაიმეში დავადანაშაულო, პირველ რიგში, პასუხისმგებელია ხელისუფლება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, კითხვაზე, „ხაბეიშვილი სიტყვის მძევალია, თუ პირიქით, სააკაშვილის ფაქტორი სჭირდებოდა არჩევნებში?“, დეკანოიძემ განაცხადა, რომ არასწორია ცუდად მყოფი ადამიანის სახელით საარჩევნო კამპანიის წარმოება.
„იმავეს არ ვიტყვი და არ ვიკადრებ, რაც თვეების წინ თავად ვნახე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
წყარო საქართველოს პირველ არხი