საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 21-27 ივნისს ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და მასთან არსებულ MIFA ბაზრობაზე, საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის („საქანიმა“), სახელმწიფო პროგრამასთან „გადაიღე საქართველოში“ და „შემოქმედებით საქართველოსთან“ ერთად, ქართული ანიმაციის ეროვნულ სტენდს წარმოადგენს.

ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საფრანგეთის ქალაქ ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ხუთი პროექტია წარდგენილი.

„ფესტივალზე წარდგენილ ქართულ პროექტებს შორისაა „ბიჭუნა და კარალიოკის ხე“ (ლინა აქულაშვილი). თოჯინური მოკლემეტრაჟიანი ფილმი „როცა ზღვა იყო მშვიდი“ მონაწილეობას იღებს მთავარ კონკურსში; სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტი „იგი“ განვითარების სტადიაში მყოფი პროექტების პრეზენტაციის სექციაში შეირჩა; კომერციული ფილმების საკონკურსო სექციაში მოხვდა დიზაინის და ანიმაციის სკოლა DAS-ის სარეკლამო ნამუშევარი; სტუდენტური პროქტი „როგორ დავიჭიროთ ქარიშხალი“ კი ანიმაციური სკოლების პროექტების პრეზენტაციის სექციაში იქნება წარმოდგენილი“, – ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

როგორც რეჟისორმა მამუკა ტყეშელაშვილმა („როცა ზღვა იყო მშვიდი“) აღნიშნა, უკვე გაიმართა მისი ფილმის რამდენიმე ჩვენება, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

„მაყურებელმა განსაკუთრებული ემოციებით მიიღო ფილმი, დაგვისვეს უამრავი კითხვა. ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და, რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა, ჩვენებებს ახალგაზრდების დიდი რაოდენობა ესწრებოდა“, – აღნიშნა რეჟისორმა.

ანიმატორმა ლინა აქულაშვილმა („ბიჭუნა და კარალიოკის ხე“) 2025 წლის ნოემბერში მონაწილეობა მიიღო „საქანიმას“ მიერ ორგანიზებულ შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმაციური პროექტების განვითარების პროგრამაში, რის შემდეგაც მოხდა მისი პროექტის წარდგენა ანიმაციის ფესტივალზე.

„ჩემი ფილმი ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებულია. ამისთვის დიდი მადლობა კინოცენტრს. ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველო წარმოდგენილია ეროვნული სტენდით, სადაც ჩვენ გვაქვს საშუალება, საერთაშორისო კონტაქტები დავამყაროთ და გავაფართოოთ პროფესიული თანამშრომლობა“, – განაცხადა ლინა აქულაშვილმა.

საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის დამფუძნებელისა და დირექტორის, მარიამ კანდელაკის განცხადებით, MIFA-ს ფარგლებში „საქანიმამ“ წარადგინა სპეციალური პროგრამა „შავი ზღვის ანიმაცია“, რომელიც შავი ზღვის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის (უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო) ხუთ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ პროექტს აერთიანებს. აღნიშნული პროექტები შავი ზღვის ანიმაციური პროექტების განვითარების ვორქშოფი 2025-ის გამარჯვებულები არიან და წარმოაჩენენ ახალ ტალანტებსა და რეგიონულ თანამშრომლობას შავი ზღვის ქვეყნებს შორის.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მარიამ კანდელაკი წელს ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრად შეირჩა, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ანიმაციის პროფესიონალების აღიარების მნიშვნელოვანი ნიშანია.

მათივე ცნობით, ხუთივე შერჩეული პროექტი შექმნილია იმ ავტორების მიერ, რომლებიც 2014 წლიდან მონაწილეობდნენ „ანესი–საქართველო“ ანიმაციური პროექტების განვითარების ვორქშოფში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროგრამის მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ქართული ანიმაციის მხარდაჭერისა და საერთაშორისო განვითარებისთვის.