თუკი ვინმეს არ უნდა, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ეს სწორედ „ქართული ოცნებაა“ - ჩავარდნილი ვალდებულებებისა და შეუსრულებელი 12 პუნქტის ფონზე, თუკი ვინმეა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს სწორედ „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ გააჩნიათ რაიმე მორალური უპირატესობა, რომ პოლიტიკური ოპონენტების ან სამოქალაქო საზოგადოების მისამართით მუქარის შემცველი შინაარსის განცხადებები აკეთოს.
„საქართველოს მოქალაქეებმა რუსული კანონის მიღების შემდეგ, 7-8 მარტს „ქართულ ოცნებას" პასუხი გასცეს. ე.წ. მეორე ფრონტი ეს არის მათი პროპაგანდა, რითაც მოსახლეობას აშინებენ. თუ ვინმემ გახსნა ცეცხლი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს არის „ქართული ოცნება". ასევე, თუკი ვინმემ გახსნა ცეცხლი უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის „ქართული ოცნება" თავისი ანტიუკრაინული და ანტიდასავლური განცხადებებით და ქვეყანაში კრემლის გავლენების გაძლიერებით", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.