ირაკლი კობახიძის აგრესიული განცხადებები საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად - ვიხილეთ შურისძიების ელემენტები, რათა გახლიჩონ საზოგადოება და ახალგაზრდები , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.
„რაც „ქართულმა ოცნებამ" ჩაიდინა, როცა პარლამენტში რუსული კანონპროექტი შეიტანეს და კენჭი უყარეს, ამაზე ქართველმა ხალხმა მათ პასუხი გასცა. ამიტომ მოუწიათ პროექტის უკან წაღება.
რაც შეეხება შედარებებს, ევროპარლამენტში არავითარი კანონპროექტი განხილვაში არ არის და არც EPP-ს შეაქვს. ევროკომისიას მხოლოდ ინიციატივის მცდელობა შეიძლება ჰქონდეს. გარდა ამისა, შფოთი ევროკავშირში მხოლოდ რუსული დაფინანსების წინააღმდეგ არსებობს. არაფერი გადაფარავს იმას, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გააკეთა - მათ ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა.
"ფრანკლინის კლუბში" ჩემი 15 წლის ძმისშვილი დადიოდა, რომელიც ორ ენაზე საუბრობს, უმაღლეს მათემატიკას გადის და არის ძალიან ჭკვიანი ბავშვი. ამ ბავშვების მარგინალიზაცია ვერ მოხერხდება. ახალგაზრდების სტიგმატიზებას არავინ დაუშვებს საქართველოში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.