დედაქალაქის მერის განცხადებით, აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით გამოსაძიებელი არაფერია. მისი თქმით, აშშ არ განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზს.
„სამწუხაროდ, გამოსაძიებელი არაფერია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვასანქცირებთ ადამიანებს, არ გავცემთ ვიზას კონკრეტულად ამ ოთხ ადამიანზე და ვერ შევლენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არ გვეუბნებიან რა არის ამის მიზეზი“, - აცხადებს კახა კალაძე.
კახა კალაძის თქმით, პარტნიორობა და მეგობრობა ცალმხრივი ვერ იქნება.
„ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და საინტერესო იყოს, თუმცა, როდესაც ვისმენთ ასეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ აქვს არანაირი არგუმენტაცია და მტკიცებულება, ეს ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ