სხვა სიტყვა ვერ მონახა თავის ლექსიკონში [ბადრი ჯაფარიძემ] და თქვა ეს, რომ ჩვენ იმიტომ გვინდა, სხვა კომპანიებიც არის, სხვასაც შეიძლება შევთავაზოთ, სხვაც შეიძლება ვიყიდოთ, მაგრამ ჩვენ თქვენი გვინდა იმიტომ, რომ ფერები არის ჩვენთვის მისაღები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, რომელიც კომპანია „მაგნატს“ ფლობდა და „ნაცმოძრაობის“ რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
მან გაიხსენა, თუ რა როლი ჰქონდა მისი ბიზნესის წართმევის საქმეში მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
„კეზერაშვილის მოთხოვნით დაიწყო ის, რაც მოხდა ჩემი და ჩემი კომპანიის გარშემო. სურვილი იმისა, რომ სრულად ემართა ის ბიზნესი, რომელსაც მანამდე თვითონ აკონტროლებდა ე.წ. ხუთეული. საჭირო იყო ავტოგასამართი სადგურები. ავტოგასამართი სადგურები სათითოდ რომ ეყიდა, დრო უნდოდა. გამოინახა იოლი გზა - სახელისუფლებო ბერკეტის გამოყენებით ამ ქონებების ხელში ჩაგდება. ჩაგდება არ იყო რთული. ყველაფერი მათ ხელში იყო, ყველაფერი და აქედან გამომდინარე გააკეთეს ის, რაც გააკეთეს.
ხაზარაძე-ჯაფარიძე მოქმედებდა „თიბისი ბანკის“ სახელით. ყველა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ჩვენს შორის ფორმდებოდა, იყო „თიბისი ბანკის“ სახელით. შეხვედრებში ყოველთვის ჯაფარიძე მონაწილეობდა. ხაზარაძე არ ჩანდა. ეს იყო დაკვეთა კეზერაშვილისა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, რომ ეს საქმე მათ უნდა შეესრულებინათ ჩემ მიმართ და ჩემი კომპანიების მიმართ. ძალა და საშუალებები არ აკლდათ იმისთვის, რომ ჩემი იზოლაცია გაეკეთებინათ, ყველა გაეჩუმებინათ და ყველაფერი ხელში ჩაეგდოთ ისე, როგორც უნდოდათ“, - აღნიშნა ჯემალ ლეონიძემ.
ბიზნესმენის თქმით, მისი ქონებების ხელში ჩასაგდებად ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა. „ეს იყო პროკურატურა, შსს, ფინანსთა სამინისტრო. ყველა მაღალჩინოსანი მონაწილეობდა იმ სქემაში“, - განაცხადა ლეონიძემ.
მისივე თქმით, საბოლოოდ მისი ქონების მფლობელი აღმოჩნდა დავით კეზერაშვილი და დაიდგა სპექტაკლი, რომ თითქოს „თიბისი ბანკმა“ ეს ქონება მას მიჰყიდა.
ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუწოდა, მივიდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობს და რომელთა შორის „მაგნატის საქმეც“ არის და თქვან სიმართლე.
„მე თუ ვტყუი გამოძიებამ დაადგინოს და მე ცილისწამებისთვისაც ვაგებ პასუხს“, - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.